რუსი პოლიტიკოსი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ბორის ნადეჟდინი მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს.
ნადეჟდინმა 16 იანვარს, ღამით, ტელეგრამ-არხით მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და აცნობა, რომ კანდიდატურის მხარდასაჭერად შეუძლიათ ხელმოწერები თბილისშიც დატოვონ. მითითებულია კონკრეტული მისამართი – ბეთლემის ქუჩა. საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მრავლად იმყოფებიან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2023 წლის 26 დეკემბერს მიმართა. კომისიამ ნადეჟდინის უფლებამოსილი პირები 28 დეკემბერს დაარეგისტრირა.
კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ბორის ნადეჟდინის საარჩევნო შტაბმა 100 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.
1999 წელს, ბორის ნადეჟდინი რუსეთის მესამე მოწვევის დუმის დეპუტატად აირჩიეს „მემარჯვენე ძალთა კავშირიდან“. ამ პარტიის თანათავმჯდომარე იყო ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, რომელიც 2015 წლის თებერვალში, მოსკოვში მოკლეს. რუსული პრესა ნადეჟდინს უწოდებდა ნემცოვთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირს.
ბორის ნადეჟდინი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ომს უკრაინაში და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყველა მობილიზებულს სახლში დააბრუნებს. 2023 წლის მაისში, ნადეჟდინმა განაცხადა რომ დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში რუსეთი ევროპაში ვერ დაბრუნდება, ამიტომ ქვეყანამ ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს.
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება. კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
· რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით.
· პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
· 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
· ვლადიმირ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორე ვადით კი – 2018 წელს.
· 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრა შეუძლია კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.