პუტინის თანაშემწის თქმით, აშშ-ის ელჩმა სტივ უიტკოფმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს მოსკოვში სამსაათიანი „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართეს.
იური უშაკოვის თქმით, განხილვის განსაკუთრებული თემა იყო რუსეთისა და უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა.
აშშ-ს არ გაუვრცელებია დეტალები იმის შესახებ, თუ რა განიხილეს შეხვედრაზე, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ორივე მხარე შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყო.
ვიტკოფსა და პუტინს შორის შეხვედრის მიმდინარეობისას ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდიოდა.
„ისინი ახლა პუტინს ხვდებიან და ბევრი რამ გვაქვს განსახილველი და ვფიქრობ, საბოლოოდ ბევრ კარგ შეთანხმებას მივაღწევთ, მათ შორის სატარიფო და სავაჭრო შეთანხმებებს“, – განუცხადა მან აშშ-ში ჟურნალისტებს.
პუტინის თანაშემწემ უშაკოვმა სამსაათიანი მოლაპარაკებები „კონსტრუქციულ და ძალიან სასარგებლოდ“ შეაფასა.
„ამან რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვა არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც“, – თქვა მან.
სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მთავარი მომლაპარაკებელია. ბოლო თვეებში უიტკოფი რუსეთს უკვე მეოთხედ სტუმრობს. მისი წინა შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან 11 აპრილს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.
სტივ უიტკოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგთან ერთად 17 აპრილს პარიზში მონაწილეობდა უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებში.
რუბიო და უიტკოფი აღარ ჩავიდნენ ლონდონში, სადაც 23 აპრილს უკრაინისა და ევროპის სამი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრაში მხოლოდ კელოგი მონაწილეობდა.
პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ დასავლეთის მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას და ევროპის ქვეყნებს წარუდგინა უკრაინაში ომის დასასრულებლად მომზადებული გეგმა, რომლის პუნქტებს შორისაა 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება აშშ-ის მხრიდან და უკრაინაში ნატოს გაწევრებაზე უარი.
ამერიკული მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ლონდონში რუბიოს და უიტკოფის ვიზიტი გაუქმდა ამ გეგმისადმი კიევის უარყოფითი პოზიციის გამო.
ფორუმი
