“რუსეთის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული” – ერგნეთში გინტურის მკვლელობაზე ისაუბრეს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელიც კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მთავარი საკითხი ს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა იყო.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე “რუსეთის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული და შეეცადნენ, რომ თამაზ გინტურის მკვლელობა ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერ ქმედებად წარმოეჩინათ”.
ამასთან, ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე თამაზ გინტურის მკვლელების ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხიც დაისვა.
“თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იყო დღის წესრიგის მთავარი საკითხი. პოზიცია ცენტრალური ხელისუფლების არის გაჟღერებული, ჩვენი მოთხოვნა გახლავთ მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულების, რომლის ყველაზე ლოგიკური გზა არის მათი ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადმოცემა. ასევე ვისაუბრეთ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებზე, მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს, ისევე როგორც ეს გაკეთდა გასულ კვირას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოზიცია იყო კვლავ უკიდურესად დესტრუქციული, ისინი შეეცადნენ, წარმოეჩინათ ეს ძალადობის ბარბაროსული აქტი, როგორც ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერი ქმედება, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის მიმართ ჩვენ ვიქნებით შეურიგებლები და ყოველთვის ვიბრძოლებთ, დაფიქსირდება ყველა არსებულ ფორმატში შესაძლებლობა, რათა მკვლელების მიმართ მოხდეს სამართლის აღსრულება”, – განაცხადა ანთაძემ.