რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებული სამი პირი: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა უკვე ამერიკაში არიან.
ცივი ომის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლისას გათავისუფლებულები მერილენდში, ენდრიუსის გაერთიანებულ ბაზაზე ჩაფრინდნენ, სადაც მათ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე – პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდნენ.
გერშკოვიჩმა მედიასთან ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთა და კოლეგებს Wall Street Journal-დან უთხრა: „სახლში ვარ“.
კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შედეგის მიღწევაში დარწმუნებული იყო.
„მე ეს ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, რომ ალიანსებს ცვლილების შეტანა შეუძლიათ. მათ ჩვენთვის თავისი შანსი გამოიყენეს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მე მათ ვთხოვე ისეთი რაღაცები გაეკეთებინათ, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ მყისიერ ინტერესს. კერძოდ, გერმანიას და სლოვენიას“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, პატიმართა გათავისუფლება შედგა ნდობისა და ურთიერთობების წყალობით.
განცხადება ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გასაოცარი დღე იყო.
„ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი პრეზიდენტისა და იმის, რაც მან აქ გააკეთა, მაგრამ განსაკუთრებით, რაც ეხება ამ ოჯახებს და ამ ადამიანებს, რისი გაკეთებაც მან შეძლო მოკავშირეების გაერთიანებით ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ განსაკუთრებით, ამ საკითხზე. ეს არის გასაოცარი დასტური იმისა რამდენად მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ყოლა, რომელსაც ესმის დიპლომატიისა და კავშირების გაძლიერების ეფექტის“- განაცხადა ჰარისმა.