“რუსეთის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან” – FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა
UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდებიან, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება.
“ამ საკითხზე არაერთხელ ვისაუბრე. შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ რუსული კლუბები და ნაკრებები ჩვენს ტურნირებზე მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების მერე დაბრუნდებიან”, – ციტირებს ჩეფერინს AS.
ამ საკითხზე კომენტარი FIFA-ს პრეზიდენტმაც ჯანი ინფანტინომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა:
“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ფეხბურთი ხალხისა და ქვეყნების გასაერთიანებლად გამოვიყენოთ. დღესდღეობით ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყონ.
უკრაინაში
მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები მიდის. მე იმედი მაქვს, რომ მალე ახალ ფურცელზე გადავალთ და რუსეთს საფეხბურთო სამყაროში დავაბრუნებთ”, – განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს, 2022 წლის თებერვლის თვიდან, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.