საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ამოქმედდა აკრძალვა, რომელიც კრძალავს ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ავტომობილების ექსპორტს მესამე ქვეყნებში. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს რუსეთის სამთავრობო მედია Tass.
მანამდე ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 მაისიდან საქართველომ ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულად აკრძალა ქვეყნიდან მსუბუქი ავტომობილებისა და სპეცტექნიკის გატანა.
„საქართველო იცავს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს, კერძოდ, მე-11 სასანქციო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალულია ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან მესამე ქვეყნებში. აღნიშნული წესი უკვე ამოქმედებულია,“ – განუცხადეს ТАСС-ის კორესპონდენტს სააგენტოში.
სააგენტოში ასევე განმარტეს, რომ ეს აკრძალვა არ ვრცელდება სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს განმარტებით, 2023 წლიდან უკვე მოქმედებს წესი, რომელიც კრძალავს ავტომობილებისა და სპეცტექნიკის რეექსპორტს პირდაპირ რუსეთში ან ბელარუსში.
