აშშ მზადაა დააწესოს სანქციები, თუკი პეკინი გააგრძელებს რუსეთის მომარაგებას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პირადად გეგმავს გააფრთხილოს ჩინელი მაღალჩინოსნები, წერს Financial Times და Bloomberg.
ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში 24-26 აპრილს შედგება. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთს უნდა შეატყობინოს, რომ აშშ და მათი მოკავშირეები, სულ უფრო ნეგატიურად უყურებენ რუსული სამხედრო მანქანის ჩინეთის მხრიდან დახმარებას – დაწყებული ჩიპებით, დამთავრებული ფრთოსანი რაკეტების ძრავებით.
Financial Times წერს, რომ ბლინკენი არ აპირებს დაასახელოს, რა ღონისძიებებს გაატარებს აშშ. თუმცა, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვაშინგტონი განიხილავს სანქციების შემოღებას ჩინეთის საფინანსო დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის.
გამოცემას ერთ-ერთი რესპონდენტი ეუბნება, რომ ბლინკენის გზავნილი იქნება „ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გაფრთხილება, რომელიც აშშ-ს ოდესმე პირადად გადაუცია ჩინელი ჩინოვნიკებისათვის“.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კურტ კემპბელი განმარტავს, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთი, რუსეთის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით მომარაგებითა და ამასთანავე, ევროპასთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებით, საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.
კემპბელის განცხადებით, აშშ „ძალიან ღიად“ გამოთქვამს თავის შიშებს და ბლინკენი ამ საკითხს დააყენებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ი-სთან შეხვედრისას.
ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა რუსეთისთვის ისეთი ჩარხების, მიკროელექტრონიკისა და სხვა ტექნოლოგიების მიყიდვა, რომლებსაც ის უკრაინასთან ომში იყენებს.
2024 წლის აპრილში აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი პეკინში ვიზიტის დროს ჩინურ ბანკებს სანქციებით დაემუქრა რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტით დახმარებისთვის.