რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი კიევამდე მივიდეს. ამის შესახებ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ადგილობრივ მედიას ესაუბრა.
მედვედევი თვლის, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნების მისაღწევად, შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო.
“სად უნდა გავჩერდეთ? – არ ვიცი. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რაც ვთქვი [დამცავი კორდონის შექმნის აუცილებლობაზე], ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? დიახ, ალბათ ეს უნდა იყოს კიევიც. ახლა თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ მაინც, შესაძლოა, ამ კონფლიქტის განვითარების რომელიმე სხვა ფაზაში”. – თქვა მედვედევმა.
რუსეთის ექსპრეზიდენტის განმარტებით, კიევამდე მისვლის საჭიროება განპირობებულია ორი მიზეზით – პირველი ისაა, რომ “კიევი რუსული ქალაქია”, მეორე კი ის, რომ “სწორედ კიევიდან მოდის საერთაშორისო საფრთხე რუსეთის არსებობისთვის”.
“მართალია, კიევი თავისი ფესვებით რუსული ქალაქია, თუმცა, ის იმართება რუსეთის მოწინააღმდეგეთა საერთაშორისო ბრიგადით აშშ-ს ხელმძღვანელობით. ყველა, ვინც იქ ფორმალურად ასრულებს თავის ფუნქციებს, მარიონეტია, რომელსაც არ გააჩნია არც სინდისი, არც შიში საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის, არც შესაძლებლობები. ყველა გადაწყვეტილება მიიღება ოკეანის გაღმა და NATO-ს შტაბბინაში მიიღება”. – თქვა მედვედევმა.
ამავდროულად, მედვედევმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს არჩევანი რუსეთთან საერთო სახელმწიფოში ნორმალურ ცხოვრებასა და უსასრულო ომს შორის.