ხერსონში რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა საფრანგეთის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინაში მოხალისე სამედიცინო მუშაკად იმყოფებოდა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნი ადასტურებს.
“რუსეთის ბარბაროსობამ მიზანში ჰყავს ამოყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობა. ორი ფრანგი სამედიცინო მუშაკს უკრაინელებთან მუშაობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა, სამი დაშავდა. რუსეთს ამისთვის მოუწევს პასუხისგება. – წერს ფრანგი მინისტრი X-ზე.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და რუსეთის თავდასხმას, რასაც საფრანგეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ “ლაჩრული და უღირსი ქმედება” უწოდა.
საფრანგეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველად ხერსონის გუბერნატორმა, ოლეკსანდრ პროკუდინმა Telegram-ზე გაავრცელა.
2 თებერვლის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით გაშვებული 24 შაჰედის ტიპის დრონიდან განადგურებულია 11.
დრონების ჩამოგდება დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში მოხდა.
გადარჩენილი დრონებიდან 7-მა მიზანს ვერ მიაღწია და საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა. ერთ-ერთი შაჰედი კიროვოგრადში ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაესხა თავს. ამჟამინდელი მონაცემებით დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით გასულ 24 საათში ასევე განადგურებულია 9 ტანკი, 16 ბრონირებული მანქანა, 46 საარტილერიო სისტემა, 49 სატრანსპორტო საშუალება და სპეციალური ტექნიკის 8 ერთეული.
რუსეთის უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.