რუსეთის მეღვინეთა ასოციაცია ქართული ღვინის იმპორტზე შეღავათების გაუქმებას ითხოვს

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია (АВВР) საქართველოდან ღვინისა და ცქრიალა ღვინის იმპორტზე საშეღავათო რეჟიმის გაუქმებას, NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე კი 200%-იანი გადასახადის დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქართულ ღვინოებზე რუსეთში გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, რომ გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად და АВВР-ის პოზიცია გაუგზავნონ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა საბჭოს, მათ შორის, NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე 200%-იანი გადასახადის დაწესების შესახებ“, – აცხადებს პლოტნიკოვი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისის ბოლოს ს ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობამ 2023 წლის ბოლომდე გაზარდა „არამეგობრული ქვეყნებიდან“ ღვინოების იმპორტის გადასახადი – 12,5-დან 20%-მდე. ღონისძიება ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ შედის.
ამასთან, რუსეთი ქართული კომპანიებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია. საქართველომ 2024 წლის პირველ თვეებში უცხოურ ბაზარზე ღვინის ექსპორტის რეკორდი დაამყარა. გაყიდვების თითქმის 80% რუსეთზე მოდიოდა. ამის შესახებ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 5 მარტს განაცხადა.
სააგენტოს ცნობით, 2024 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველომ რუსეთში 16,7 მლნ ლიტრი ღვინო გაიტანა, რაც 43%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ