რუსეთის მეგობარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი სანქცია საქართველოს ვერ დაუწესდება – გიორგი ხიშტოვანი (bm.ge)

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, საქართველო დღეს ს მეგობარ სახელმწიფოდ ყალიბდება, რაც ქვეყნისთვის უკვე სანქციის ტოლფასია და ამაზე მნიშვნელოვანი სანქცია საქართველოს ვეღარ დაუწესდება. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” ქვეყნის ეკონომიკაზე სანქციების გავლენაზე საუბრისას განაცხადა.
„სანქციებს დღემდე სიმბოლური ხასიათი აქვს. მგონია, რომ უმნიშვნელოვანესია არა 1 კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ სიაში შეყვანა, არამედ, მნიშვნელოვანია დასავლეთის ზოგადი აღქმა, თუ ვისთან აქვს საქმე, როდესაც საუბარია საქართველოში მმართველობის სისტემაზე. დღეს, დასავლეთი უკვე ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ საქმე რუსეთის და კრემლის მეგობარ პარტიასთან აქვს. შესაბამისად, ვერ წარმომიდგენია სანქციები, რომელიც ამ აღქმაზე დიდი დარტყმა იქნებოდა საქართველოსთვის. ჩემი აზრით, ეს არის განაჩენივით და ეს განაჩენი თავის მხრივ ყველაფერზე მოქმედებს. დასავლეთისთვის, ჩვენ ვყალიბდებით რუსეთის მეგობარ სახელმწიფოდ, რუსეთის მეგობარი სახელმწიფო სანქცია უკვე სანქციაა. ამაზე მნიშვნელოვანი სანქცია საქართველოს ვერ დაუწესდება. აღქმა, რაც დასავლეთს საქართველოზე აქვს ყველა სექტორზე მოქმედებს, დაწყებული მშენებლობის სექტორით, ტურიზმით დასრულებული. შესაბამისად, ყველა ტიპის ურთიერთობა, რომელიც დასავლეთს საქართველოსთან ჰქონდა, ამ ჩარჩოს ქვეშ უნდა მოექცეს”, – განმარტავს ხიშტოვანი.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის საფინანსო სისტემის მიმართ რაიმე ტიპის ფინანსური სანქცია დაწესდება, საქართველოს ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს.
“საქართველოს ეკონომიკა ფინანსური სანქციების მიმართ მოწყვლადია და იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის საფინანსო სექტორს ფინანსური სანქციები დაუწესდება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
საქართველო ყველაზე მეტად მოწყვლადი ფინანსური სანქციების მიმართ არის. შესაბამისად, თუ საქართველოს საფინანსო სექტორს ფინანსური სანქციები დაუწესდა, საქართველოს ეკონომიკისთვის ეს კატასტროფა იქნება. ვინაიდან, მთლიანი სისტემის ჩამოშლა მყისიერად მოხდება და ამას გაცვლით კურსზე და სხვა კომპონენტზე მყისიერად ექნება ეფექტი. თუმცა იმედი მაქვს ეს არ მოხდება, რადგან ქართულ ეკონომიკას ეს მთლიანად გაანადგურებს“, – აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.