გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის დაბა ვოლნაში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევის და გემებისა და ნავთობტერმინალის დაზიანების შესახებ იუწყება.
ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნა ტამანის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 22 დეკემბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ვოლნაში დაზიანებულია ორი გემი და ორი მისადგომი, სადაც ხანძარი გაჩნდა. შტაბის თანახმად, არავინ დაშავებულა.
მანამდე ოპერატიული შტაბი იუწყებოდა, რომ ვოლნაში დრონების „ნამსხვრევებმა დააზიანა“ ერთ-ერთი ტერმინალის მილსადენი და ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შტაბის მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამიდან 22 დეკემბრის დილის შვიდ საათამდე კრასნოდარის მხარეში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და 2 – შავი ზღვის აკვატორიის თავზე. ეს უწყება მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.
ვოლნაში მდებარე ნავთობტერმინალი ადრეც ყოფილა უკრაინული დრონების სამიზნე.
უკრაინას კრასნოდარის მხარეზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
დეკემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა არაერთხელ დაადასტურა დარტყმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ობიექტებზე.
5 დეკემბერს ჯერ კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი და შემდეგ უკრაინის გენშტაბიც იუწყებოდნენ დრონებით შეტევის შესახებ ქალაქ ტემრიუკის პორტზე.
17 დეკემბერს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს კრასნოდარის მხარის ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. დრონებით შეტევისა და ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ იუწყებოდა კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბიც.
ორი დღით ადრე, 15 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ნოვოროსიისკის პორტში დრონებით შეუტიეს რუსეთის წყალქვეშა ნავს.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი




