რუსეთის თქმით, ბელგოროდის დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანახმად, ბელგოროდის ცენტრის დაბომბვის შედეგად შაბათს 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 45 ადამიანი დაიჭრა.
მანამდე გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ორი ბავშვის დაღუპვის შესახებ დაწერა ტელეგრამის არხზე. ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. გლადკოვის თანახმად, ცეცხლი გაუხსნეს ასევე დაბა ურაზოვოს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ტელეგრამის არხებში ქვეყნდება ვიდეოები და კადრები, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, ბელგოროდის დაბომბვის შედეგებია აღბეჭდილი. მათზე ჩანს ცეცხლწაკიდებული მანქანები, დაზიანებული შენობები, მათ შორის – საცხოვრებელი სახლები.
მინიმუმ ერთი აფეთქება მოხდა ცენტრში. აფეთქების მომენტი ვიდეოზეა გადაღებული.
როგორც ჩანს, მთლიანობაში რამდენიმე აფეთქება იყო. ფოტოზე ჩანს, რომ ქალაქის თავზე კვამლის რამდენიმე სვეტია აღმართული.
ქალაქში გაუქმებულია სარაკეტო საფრთხის სიგნალი, იტყობინება ტელეგრამის არხი „ჟესტ ბელგოროდი“.
უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება წლის განმავლობაში რეგულარულად იტყობინებოდა უკრაინის ძალების იერიშების შესახებ. ზაფხულში ხელისუფლებამ საზღვრისპირა დასახლებების ევაკუაცია გამოაცხადა. რეგიონის დედაქალაქამდე აქამდე, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატები აღწევდნენ. 30 დეკემბრის იერიში ყველაზე მასშტაბურად ფასდება ომის მთელი პერიოდის განმავლობაში, იტყობინება BBC.
ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, პარასკევს დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი შენობა დაზიანდა. გლადკოვი ასევე იტყობინებოდა დაჭრილებისა და ნგრევის შესახებ ოლქის სხვა დასახლებულ პუნქტებში.
უკრაინის მოსაზღვრე კიდევ ერთი ოლქის, ბრიანსკის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა შაბათს განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ორი სოფლის დაბომბვის შედეგად ბავშვი დაიღუპა. მან ტელეგრამის არხში დაწერა, რომ ცეცხლი დაუშინეს სოფლებს კისტერსა და ბორშჩევოს, რომლებსაც 10 ჭურვი ესროლეს.
უკრაინის ტელეკომპანია „სუსპილნე“ სამხედრო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარტყმების სამიზნეები იყო სამრეწველო ობიექტები. იერიშებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
29 დეკემბერს ს ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური იერიში განახორციელეს. დაიღუპა 40-მდე ადამიანი, ათობით დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით რუსეთის სამხედროებმა დრონები ჩამოაგდეს და დაიჭირეს ბრიანსკის, ორლოვის, კურსკისა და მოსკოვის ოლქების თავზე.