რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმის დროს „ორეშნიკის“ტიპის რაკეტები გამოიყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, რუსეთმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის საპასუხოდ გადადგა.
„წუხელ, კიევის რეჟიმის მიერ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციაზე 2025 წლის 29 დეკემბრის ღამეს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს შორ მანძილზე მოქმედი, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ზუსტი იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, „უკრაინის კრიმინალური რეჟიმის მხრიდან ნებისმიერი ტერორისტული ქმედება უპასუხოდ არც მომავალში დარჩება“.




