რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ლუგანსკის ოლქი სრულად დაიკავეს

ჯარების დაჯგუფება “დასავლეთის” რუსი სამხედროებიАлексей Майшев/РИА Новости
დღეს, 1-ელ აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინის ლუგანსკის ოლქი, სადაც თავად ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს, სრულად დაიკავეს.
“სამხედროთა დაჯგუფება “დასავლეთის“ ქვედანაყოფებმა დაასრულეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება.” – ირწმუნებიან რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიაპროექტი აგენტსტვო ამახვილებს ყურადღებას, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გასული წლის ოქტომბერში ამბობდა, რომ ლუგანსკის მხოლოდ 0.13%-ს ვერ აკონტროლებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ თავდაცვის სამინისტროს სიტყვები სიმართლეა, ამ მცირე მონაკვეთის დასაკავებლად რუსეთს ნახევარი წელი დასჭირდა. თუმცა, ცნობები, რომ ოკუპანტებმა დარჩენილი ტერიტორიის დაკავება შეძლეს, ღია წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2022 წელსაც ირწმუნებოდა, რომ ლუგანსკის ოლქი სრულად დაიკავეს, რასთან დაკავშირებით პუტინმა არმიას მილოცვაც გადასცა. თუმცა იმავე წელს უკრაინელმა სამხედროებმა რეგიონის ნაწილზე კონტროლი აღადგინეს.
2025 წლის ივნისში ოკუპირებული ტერიტორიის რუსული ადმინისტრაციის მეთაურმა, ლეონიდ პასეჩკინმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა, თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები რეგიონს სრულად აკონტროლებდნენ.