მალიში მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკულ კორპუსს, რომელიც ადგილობრივ არმიასთან თანამშრომლობდა, ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებს. Associated Press-ის ცნობით, კვირას, 7 დეკემბერს, საბრძოლო მოქმედებებს გარიდებული ათობით მალელი მოჰყვა თავის მოკვეთის, გაუპატიურების, გატაცებისა და სხვა ძალადობრივი აქტების შესახებ.
ჟურნალისტებმა მავრიტანიასთან სასაზღვრო ზონაში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ათასობით მალელი გაიქცა, 34 ადამიანი გამოკითხეს. მათი თქმით, აფრიკული კორპუსი იყენებს დაშინებისა და ძალადობის ტაქტიკას. ეს ტაქტიკა ჩამოჰგავს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისას“, რომელიც ადრე მოქმედებდა ქვეყანაში.
„ეს დამწვარი მიწის ტაქტიკაა. ჯარისკაცები არავის არ ელაპარაკებიან. ისინი ესვრიან ყველას, ვისაც ხედავენ. არანაირი კითხვა, არანაირი გაფრთხილება. ხალხმა არც კი იცის, რატომ კლავენ მათ“, თქვა მალის ერთ-ერთი სოფლის თავკაცმა.
ორმა თანამოსაუბრემ ჟურნალისტებს „თეთრკანიანების“ მიერ გადამწვარი სოფლების ვიდეოჩანაწერები აჩვენა. კიდევ ორმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს თავიანთი ნათესავების გვამები, რომლებსაც ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები – ღვიძლი და თირკმელები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსი მალის არმიას ეხმარება „ალ-ყაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში. ადრე ამ ამოცანებს „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები ასრულებდნენ, თუმცა ზაფხულში ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მალის ტოვებს და მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები ჩაანაცვლებენ.
ფორუმი




