რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონით თავდასხმის შემდეგ, გაზის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, „ლუკოილ-კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე“ დრონებით იერიში მიიტანეს, რის გამოც ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივი მოსახლეობისა და ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გუბერნატორის თქმით, „ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა კოტოვსკის რაიონში, საწვავ-ენერგეტიკის ობიექტებში ხანძარი გამოიწვია“.
ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ თავდასხმის სამიზნე „ლუკოილ-კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა“ იყო.
უკრაინული მედია წერს, რომ კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა ს სამხრეთ ფედერალურ ოლქში ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი უდიდესი ობიექტია. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში 450 მილიონი კუბური მეტრი გაზის ნედლეულია. ქარხნის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით თხევადი აირები და ბენზინი, ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.