ა.წ. მაისის თვის შედეგების მიხედვით, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (ФНБ) ლიკვიდური ნაწილი 2.84 ტრილიონი რუბლით დაეცა – იტყობინება რუსეთის ფინანსთა სამინისტრო, – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამასთან, ფონდის ლიკვიდური აქტივები, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 68%-ით შემცირდა – წერს Bloomberg.
მხოლოდ ა.წ. მაისში, ფონდმა 454 მილიარდი რუბლი დაკარგა. ძირითადი მიზეზები არის სამხედრო ხარჯების ზრდა, ნავთობის ფასების ვარდნა და სახელმწიფო ბანკებსა და კორპორაციებში ინვესტიციების დაბალი შემოსავლიანობა.
მიუხედავად იმისა, რომ ფონდში ჯერ კიდევ არის 11.7 ტრილიონი რუბლი, ამ თანხის დიდი ნაწილი გაყინულია Сбербанк-ის აქციებში, კომპანიის ობლიგაციებსა და ВЭБ-ის გრძელვადიან დეპოზიტებში. მათი სწრაფად გამოყენება ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად შეუძლებელია. ბიუჯეტის წესის თანახმად, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ეროვნული კეთილდღეობის ფონდი 1,8 ტრილიონი რუბლით უნდა შეევსო, თუმცა ეს არ მომხდარა. ამავდროულად, ნავთობისა და გაზის შემოსავლები შემცირდა, ხოლო რუბლის გამყარებამ ექსპორტის შემოსავლები რუბლში შეამცირა.
სინამდვილეში, ეროვნული კეთილდღეობის ფონდი კვლავ იხარჯება და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ მის შევსებაზე სრულ უარის თქმას.
ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის პარამეტრებსაც კი გადახედა. ნავთობისა და გაზის შემოსავლები 2.6 ტრილიონი რუბლით შემცირდა, რაც ფონდიდან ახალი თანხების გატანას მოითხოვს“, – წერს გოგიტა სურამელაშვილი.
