რუსეთის ეკონომიკა მეხუთე თვეა ეცემა – The Moscow Times

რუსეთის ეკონომიკა მეხუთე თვეა ეცემა – The Moscow Times
The Moscow Times-ის ინფორმაციით, ს სამოქალაქო ეკონომიკა ზედიზედ მეხუთე თვეა ეცემა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის შეფასებით, თუ სამხედრო წარმოება ზრდას განაგრძობს, დანარჩენი ინდუსტრიის კლება ნორმად იქცევა.
წლის პირველ ნახევარში სამრეწველო წარმოება წლიურად 1.4%-ით, ივნისში კი 2%-ით გაიზარდა, თუმცა ეს „მხოლოდ იმ სექტორების აქტივობით არის განპირობებული, რომლებშიც თავდაცვის წარმოება დომინანტურია”. მათ გარეშე წლის დასაწყისიდან წარმოების შემცირება თვეში, საშუალოდ, 0.3%-ს შეადგენდა. ივნისში სამოქალაქო სექტორებში გამოშვების 99.1% გასული წლის წარმოებას უკავშირდებოდა, ხოლო წლიური თვალსაზრისით თებერვლიდან ის მინუსშია.
მცირდება სამშენებლო მასალის წარმოება. პირველ კვარტალში კლება თვეში, საშუალოდ, 1.2%-ს შეადგენდა, რაც მეორე კვარტალში თვეში 1.9%-მდე, ხოლო მხოლოდ ივნისში 2.1%-მდე გაიზარდა. შედეგად სამშენებლო ინდუსტრიაში წარმოების აქტივობა, კოვიდპანდემიური 2020 წლის ზაფხულის დონემდე დაეცა.
სწრაფად ეცემა წარმოება საავტომობილო ინდუსტრიაშიც. მაისში რუსეთის ავტოწარმოება 11.5%-ით, ხოლო ივნისში 5.3%-ით შემცირდა. განსაკუთრებით სწრაფად მცირდება საინვესტიციო ავტოწარმოება. „როსსტატის“ მონაცემებით, სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების წარმოება ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ტიპის მიხედვით 23-37%-ით ნაკლები იყო, ხოლო სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება 9-14%-ით დაეცა. 2%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების წარმოება.
„როსსტატის“ მონაცემებით შემცირებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაც. სარეცხი მანქანებისა და ტელევიზორების წარმოება, თითქმის, 30%-ით, ხოლო მაცივრების 12%-ით შემცირდა.
კლებაა ტანსაცმლის წარმოებაშიც. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში 3%-ით ნაკლები ტანსაცმელი აწარმოვეს. ტყავის ნაწარმის 16%-ით, ხოლო ფეხსაცმლის გამოშვება 29%-ით შემცირდა. ქვეყანაში ავეჯის წარმოება, თითქმის, 5%-ით დაეცა.