ევროკავშირსა და მის საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის საპარლამენტოს, სერიოზული ცვლილებები ელოდება, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ აჩვენა, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„მიუნხენში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებისას, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: ევროკავშირს, მის საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის საპარლამენტოს, სერიოზული ცვლილებები ელის“, – წერს ვოლოდინი და დასძენს, რომ ეს ცვლილებები ადვილად არ მოხდება და მტკივნეული იქნება.
მისი მტკიცებით, კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ობიექტურად შეაფასა ის, რაც ევროპის ქვეყნებში ხდება.
“მაგრამ მას მხარი არ დაუჭირეს. კონფერენციის მონაწილეები არ იყვნენ მზად საკუთარ თავზე სიმართლის მოსმენისთვის”, – წერს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი.
„ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში დემოკრატიული პროცედურები დეკორატიულ ხასიათს იძენს. პანევროპულ სტრუქტურებში ის დიდი ხანია დავიწყებული და იგნორირებულია“, – წერს ვოლოდინი.
