რუსეთის დუმაში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმად, „უკანონოდ და საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ” უნდა გამოცხადდეს საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინისთვის ყირიმის გადაცემა.
პარტია „ედინაია როსიას“ წევრების, დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინის და ფედერაციის საბჭოში ანექსირებული ყირიმიდან არჩეული სენატორის, სერგეი ცეკოვის მიერ მომზადებული კანონპროექტი ეხება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ 1954 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ყირიმი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან გავიდა და გადაეცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეს ფაქტი მოხსენიებულია საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი მმართველის, ნიკიტა ხრუშჩოვის „სიურპრიზად“, რომელიც „არ იყო შეთანხმებული რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებთან“.
ზატულინი და ცეკოვი კანონის მიღების მიზნად ასახელებენ რუსეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის „გაწმენდას“ ისეთი აქტებისგან, რომლებსაც „სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“ და „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით“ გამოიწვია „უკანონობა და პოლიტიკური დანაშაული“.
როგორც რუსული გამოცემა Sota წერს, ზატულინის და ცეკოვის ინიციატივა მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რადგან ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება სასამართლოს პრეროგატივაა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ 2017 წლიდან ზატულინმა სულ მცირე სამჯერ მოითხოვა უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის გადაწყვეტილების გაუქმება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ყირიმის ჩათვლით, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა. ამის გამო დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.
2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიც, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
უკრაინას მიზნად აქვს გამოცხადებული თავისი ტერიტორიული მთლიანობის სრულად, 1991 წლის საზღვრებში აღდგენა.