რუსეთის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში თანამშრომლობის გასაძლიერებლად ჩავიდა. ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფხენიანსა და მოსკოვს შორის კავშირებს “მზარდი და საშიში” უწოდა.
დელეგაცია, რომელსაც რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე კოზლოვი ხელმძღვანელობს, განიხილავს “თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში”, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სააგენტო KCNA.
ფხენიანში, სასტუმრო Koryo-ში გაიმართა მიღება, რომლის დროსაც მონაწილეები შეთანხმდნენ “ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ აღორძინებაზე ყველა სფეროში”.
სამხრეთ კორეამ ფხენიანი დაადანაშაულა მოსკოვისთვის მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვის მიწოდებაში უკრაინის წინააღმდეგ ომში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ისარგებლა რუსული გამოცდილებით სატელიტური ტექნოლოგიების სამხედრო სფეროში, რაც ფხენიანის რეჟიმის პრიორიტეტია. ფხენიანს ასევე სჭირდება საკვები და ჰუმანიტარული დახმარება, რადგან COVID-ის პანდემიამ ქვეყანაში დეფიციტი გამოიწვია.
ანალიტიკოსების თქმით, ბოლო ნაბიჯები მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას სურს ხაზი გაუსვას მზარდ ალიანსს, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა.
“ჩრდილოეთ კორეას შეუძლია პოტენციურად გააფართოოს ვაჭრობა რუსეთში ომთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტით”, – განუცხადა ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს აჰნ ჩან-ილმა, მკვლევარმა, რომელიც კორეის კვლევების გლობალურ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.
მისივე თქმით, ფხენიანი ამას “სურსათის და ენერგეტიკული რესურსების იმპორტის სანაცვლოდ” გააკეთებს.