2025 წელს ოკუპირებული კოდორის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დაიწყება. ამის შესახებ ცნობილი გახდა, შეხვედრის შემდეგ, რომელიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკოს შორის გაიმართა.
შეხვედრაზე “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილებოდა”.
რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან აფხაზეთში გზების რეაბილიტაციისთვის 1 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი) გამოიყოფა. კოდორის ხეობაში სარემონტო სამუშაოების ღირებულება 205.5 მილიონ რუბლს შეადგენს (დაახლოებით 2.5 მილიონი აშშ დოლარი). პროექტის დასრულება 2026 წლის დეკემბერში იგეგმება.
კირიენკო კრემლში აფხაზეთის მიმართულებას ხელმძღვანელობს. ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას რუსი მაღალჩინოსანი აქტიურად უჭერდა მხარს კანდიდატ ბადრა გუნბას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ამჟამინდელი პრეზიდენტია. კირიენკოს ხელშეწყობით აღდგა ფრენები სოხუმსა და რუსეთს შორის. მიმდინარე წელს რუსი დიპლომატი სოხუმში მეხუთედ ჩავიდა.
კოდორის ხეობა აფხაზი სეპარატისტების ხელში 2008 წელს, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ გადავიდა.