ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა. მინიმუმ 11 ადამიანი გარდაიცვალა ქალაქ დობროპილიაში.
რუსეთ ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ დაკავებულ კურსკის რეგიონში სამი სოფელი დაიბრუნეს. დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ათასი უკრაინელი ჯარისკაცი რუსული ძალების მიერ ალყის შემორტყმის საფრთხეშია. წინა დღეს რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მიზანში ამოიღო გაზის და ენერგოინფრასტრუქტურა უკრაინის არაერთ რეგიონში.
“ასეთი თავდასხმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მარტს. “ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, კვლავ ყველაფერი გაკეთდეს სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის მიმართ სანქციების გასაზრდელად”.
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია “ომის კვლევის ინსტიტუტი”, რომელიც ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალს, ამბობს, რომ ბოლო ორ დღეში რუსულმა ძალებმა “გააძლიერეს რამდენიმე მიმართულებიანი კამპანია, რათა კურსკის რეგიონი შემორჩენილი უკრაინელებისგან გაწმინდონ”.
პარალელურად, უკრაინა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება, რომელიც საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ 10 მარტს საუდის არაბეთში გაემგზავრება და პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. 11 მარტს კი უკრაინის დიპლომატიური დელეგაცია და სამხედრო წარმომადგენლობა ამერიკულ დელეგაციას შეხვდება.
“ჩვენი მხრივ, მთლიანად მოწადინებულნი ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და იმედი გვაქვს, რომ განვიხილავთ და შევთანხმდებით აუცილებელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თავად ზელენსკი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. მის ნაცვლად დელეგაციაში იქნებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი იერმაკი და თავდაცვის მინისტრი რუსემ უმეროვი.
ამერიკულ დელეგაციას წარმოადგენენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი.
