პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს.
„გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!, – წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.
ინფორმაციისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ბექა ყორშია. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
„რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“.
„გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ. მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
წყარო: ინტერპრესნიუსი