უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების „უნიანისა“ და „უკრაინსკა პრავდას“ წყაროთა ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტი ლასტოჩკინო დაიკავეს.
ინფორმაცია თავის ტელეგრამის არხზე ადასტურებს ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალები მოიერიშე ბატალიონ „აიდარის“ მებრძოლი სტანისლავ ბუნიატოვი, ფსევდონიმთ „ოსმანი“. უკრაინის სამხედრო ძალები, „ოსმანის“ თქმით, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ლასტოჩკინო, რათა თავიდან აეცილებინათ ლოგისტიკური გზების ჩაკეტვა და გადაერჩინათ პირადი შემადგენლობა.
უკრაინის სამხედრო სარდლობას დასახლებულ პუნქტ ლასტოჩკინოს დატოვების შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია.
· 16 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის სამხედრო დანაყოფების გაყვანისა და მათი უფრო „ხელსაყრელ პოზიციაზე გადაჯგუფების“ გადაწყვეტილება მიიღო.
· უკრაინული ჯარების ჯგუფის „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ მეორე დღეს განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა „ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“ დატოვა.
· ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას.
· ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ – ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო.