საქართველო იანვარ-მარტში რუსეთის ავიადაჯავშნებში ტოპ 15 უცხოურ მიმართულებას შორის მეშვიდე ადგილზეა და მეზობლებიდან მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს, ხოლო თურქეთსა და სომხეთს ჩამორჩება.
მონაცემებს რუსული „კომერსანტი“ Yandex Travel-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ავიაბილეთების გადაყიდვების მოცულობაში საქართველოს წილი 5.8%-ს შეადგენს, ხოლო ორმხრივი ფრენის საშუალო ღირებულება 26.4 ათასი რუბლი, ანუ 320 დოლარამდეა. გაყიდვების წილით საქართველო, თითქმის, ჩინეთის მიმართულებას უტოლდება, რომლის წილიც მთლიან მოცულობაში 5.9%-ს შეადგენს და რომელიც საქართველოზე ერთი პოზიციით წინაა.
თურქეთი პირველ, ხოლო სომხეთი მესამე ადგილზეა. საქართველოს სამი პოზიციით ჩამორჩება, მე-10 ადგილზე კი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანის გარდა, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ბელარუსი, ყაზახეთი, იაპონია და სამხრთ კორეაა.
პირველ კვარტალში ავიაჯავშნებით რუსეთის ტოპ-15 ავიამიმართულებაა:
· თურქეთი – წილი გაყიდვების მოცულობაში 12.6%. ორმხრივი ფრენის საშუალო ღირებულება 345 დოლარი
· ტაილანდი – 9% – 699 დოლარი
· სომხეთი – 7.5% – 235 დოლარი
· არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 7.4% – 521 დოლარი
· უზბეკეთი – 7.2% – 319 დოლარი
· ჩინეთი – 5.9% – 641 დოლარი
· საქართველო – 5.8% – 320 დოლარი
· ბელარუსი – 5.5% – 157 დოლარი
· ყაზახეთი – 5.1% – 326 დოლარი
· აზერბაიჯანი – 4.2% – 325 დოლარი
· ყირგიზეთი – 3.2% – 305 დოლარი
· იაპონია – 2.4% – 832 დოლარი
· ვიეტნამი – 1.9% – 803 დოლარი
· სამხრეთ კორეა – 1.8% – 750 დოლარი
· ინდონეზია – 1.7% – 918 დოლარი
