მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები დაუშვა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე.
„კავშირმა აღნიშნა ნეიტრალური სპორტსმენების მშვიდობიანი მონაწილეობა პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და ამის გათვალისწინებით იგი კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას უსაფრთხო, მშვიდობიან და სამართლიან შეჯიბრს მილანში 2026 წლის თებერვალში“, ნათქვამია ISU-ს განცხადებაში.
საკვალიფიკაციო შეჯიბრებზე დაუშვებენ ფიგურულ მოციგურავეებს, ჩქაროსნულ და მოკლე ტრასაზე მოციგურავეებს რუსეთიდან და ბელარუსიდან – ნეიტრალურ სტატუსში და თითოს თითო სახეობაში. ესტაფეტებსა და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობა არ არის გათვალისწინებული.
ასევე უნდა დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა. მათ შორისაა ანტიდოპინგური მოთხოვნების დაცვა და რუსეთის ან ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებთან ხელშეკრულებების არარსებობა. გარდა ამისა შემოწმდება, აქვთ თუ არა სპორტსმენებსა და მათს შტაბებს გაკეთებული უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერი განცხადებები. შეჯიბრებებზე შეუძლებელი იქნება რუსეთისა და ბელარუსის დროშის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლოების გამოყენება. თუ სპორტსმენი დაარღვევს ამ წესებს, ის დისკვალიფიცირებული იქნება. მას სხვა ვერ ჩაანაცვლებს.
ფიგურულ სრიალში შესარჩევი ტურნირი პეკინში გაიმართება 2025 წლის სექტემბერში. კვოტის დასადასტურებლად საჭირო იქნება ხუთეულში მოხვედრა. ჩქაროსნული და მოკლე ტრასის მოციგურავეებისთვის 2025 წლის შემოდგომაზე და ზამთარში ოთხი შესარჩევი შეჯიბრი ტარდება.
ISU-მ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები 2022 წლის მარტში ჩამოაშორა შეჯიბრებებს რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.