რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდება – რა მოლოდინები აქვთ სექტორში

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შედგა შეთანხმება და პირველი მარტის შემდეგ იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი უნდა გაგრძელდეს. რა ტიპის კომუნიკაცია იყო სამინისტროსთან თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა. მისი თქმით შეთანხმება მიღწეულია და გადასახადის ვადა პირველი მარტის შემდეგაც გახანგრძლივდება.
„ფაქტობრივად შეთანხმება ადრეც იყო მიღწეული, უბრალოდ დღემდე რომ მოვედით, იმით იყო გამოწვეული რომ ტექნიკურად უნდა გაკეთებულიყო, ვიზირებაზე იყო მთავრობასთან და ეს ყველაფერი დღეს ან ხვალ სამთავრობო პორტალზე აიტვირთება.
მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ბაზარზე, იმიტომ რომ ვიცით,რომ ეს ბაზარი არის სასურსათო უსაფრთხოებასთან მიბმული, შესაბამისად, ეს ძალიან სერიოზული თემაა იგივე ენერგომატარებლებთან და უსაფრთხოებასთან ერთად და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის.
აქედან გამომდინარე ამ გადასახადის შემოღების შემდეგ, რომელიც პირველ ივნისს შემოიღეს, მიმდინარეობს მონიტორინგი უფრო ინტენსიურად, თუ რა ეფექტი მოიტანა ამ ყველაფერმა. სახელმწიფოსთან ერთად ჩვენც ვამონიტორინგებთ და ციფრებიც ამაზე მეტყველებს, რომ რეალურად სახელმწიფომ და ქვეყანამ მიიღო ძალიან სერიოზული დივიდენდები, მათ შორის სტაბილურობა დაბრუნდა ბაზარზე. გვახსოვს კრიზისი, რომელიც ფერმერებს შეექმნათ ჩაბარების მხრივ, იგივე წისქვილკომბინატებს, ბიუჯეტში შენატანებზე და სამუშაო ადგილებზე რომ არაფერი ვთქვათ და შესაბამისად, ამ 7-8 თვის განმავლობაში რასაც ვაკვირდებით, ჩვენ მივიღეთ ის, რომ დამატებით შევიდა გადასახადი ამ მოსაკრებლის სახით, რომელიც ადრე არ იყო ბიუჯეტში და ამ გადასახადმა შეადგინა 20 მილიონ ლარზე მეტი. პლუს კიდევ პურის ფასის მიმართებაში სტაბილურობაა და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ მოდელმა, რომელიც შეიქმნა ამ ხნის განმავლობაში და იმ ყველაფრის პრევენციას აკეთებს, რაც ადრე იყო ხორბლისა და ფქვილის გადასახადთან მიმართებაში, ფაქტობრივად გაამართლა.“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ .
კითხვაზე, განიხილება თუ არა ის მოცემულობა, რომ დან გაზრდილი ექსპორტის პირობებში, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე ფასები კვლავ დავარდება და რამდენად იქნება საკმარისი არსებული საიმპორტო გადასახადი, ლევან სილაგავა პასუხობს, რომ ფორმულა მუშაობს შემდეგნაირად, რამდენიც არის ხორბლის ექსპორტზე გადასახადი გარედან, იმდენია შემხვედრი ფასი, რომელიც დამაბალანსებელი ფასია. შესაბამისად სილაგავას განმარტებით გაზრდასა და შემცირებასთან მიმართებაში თავისთავად ცხადია ადგილობრივი წისქვილკომბინატების ფასიც წაჰყვება იმპორტირებული ფქვილის ფასს და შესაბამისად ტენდენცია შენარჩუნდება.
„რეალურად იმ შემთხვევაში თუ ფასები დავარდა და დავარდნის წინაპირობებს წარმოადგენს დღეს არა მარტო რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი, არამედ მსოფლიოში არსებული დიდი მოსავალი და დაბალი ფასებიც, ეს გამოიწვევს ფასების კორექტირებას და ჩვენ ამ ტრენდს წავყვებით. ეს კარგია იმისათვის, რომ ფქვილზე დაბალი ფასის ფონი იყოს. არის მეორე თემაც, რომ დაბალია ასევე ჩაბარების ფასიც, რაც ფერმერებს გამოწვევებს უქმნის და ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები იკვეთება წისქვილკომბინატებთან. ბალანსს ვინარჩუნებთ ორივე მხრიდან მიწოდება-ფქვილზე და ჩაბარება – ხორბალზე და ჩვენ ვართ შუაში ხოლმე.
გადაწყვეტილების ვადა დამოკიდებულია თვითონ ჩარჩოებზე, ახლა საორიენტაციოდ აღებულია წისქვილკომბინანტებში ჩაბარების ბოლო ვადები, რაც იქნება სექტემბრის დასაწყისამდე. ჩვენი მოთხოვნა იყო რომ ყოფილიყო სეზონიდან სეზონამდე ანუ გრძელვადიანი, უფრო სტაბილური იქნება ეს ყველაფერი და განჭვრეტადი ყველაფრის, როგორც ფერმერების, ასევე ჩვენი მხრიდან.“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ.
რაც შეეხება თანაფარდობას, სილაგავა აღნიშნავს, რომ დღესდღეობით 30% არის იმპორტირებული ფქვილი და 70%-მდე არის წისქვილის მიერ გადამუშავებული ფქვილი, რაც მოიცავს როგორც ადგილობრივი ხორბლისგან მიღებულს, ასევე იმპორტირებული ხორბლისგანაც.
„ნორმალური სტატისტიკაა, თუმცა ჩვენ უკეთესი სტატისტიკაც გვქონდა სანამ დაიწყებოდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი არათანაბარი პირობების გამო. მანამდე ნულოვანი გადასახადის პირობებში ხორბალზეც და ფქვილზეც ქვეყანაში შემოდიოდა 450 000 ტონა ხორბალი და მხოლოდ 25 000 ტონა ფქვილი.“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ.
სილაგავას თქმით, დღეს ფქვილის მიწოდების ფასი ერთ ტომარაზე არის 48-49 ლარი.