მიმდინარე წელს საქართველომ 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 2,900 ტონა ცოცხალი ღორი იყიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. გასულ წელსაც, მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო, რიგით მეორე კი, ბელორუსი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის 8 თვეში საქართველომ რუსეთიდან 19.3 მლნ აშშ დოლარის 12,853 ტონა ღორი შეიძინა. მეორე იმპორტიორი ქვეყნიდან, დანიიდან კი, 306.6 ათასი აშშ დოლარის 24.4 ტონა.
ცოცხალი ღორის, ისევე, როგორც ღორის გაყინული ხორცის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდმა და კომპანია Native Georgian-მ „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 2018 წელს დაიწყეს. 5 ეტაპისგან შემდგარი პროექტის საერთო ღირებულება 15 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. პროექტის მიზნად სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთ მიზნად გადაშენების პირად მყოფი ქართული ღორის პოპულაციის ზრდასთან ერთად იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაც დასახელდა.
2 წლის შემდეგ საქართველოს მეღორეობის ასოციაციაში ამბობენ, რომ ადგილობრივი წარმოება განადგურების პირასაა.
„აშენდი აგრო საქართველო” წარმოებულ პროდუქციას ძირითადად საქართველოში ყიდის. ღორის ხორცზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა რუსეთიდან შემოსული საქონლით კმაყოფილდება. რუსეთიდან ძალიან ბევრი ცოცხალი პირუტყვი შემოდის, რომელიც საქართველოში იკვლება, ფასის გამო ის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქართული. რუსეთში ღორის ხორცზე ძალიან დაბალი ფასია და რთულია, ადგილობრივმა ბაზარმა კონკურენცია გაუწიოს“,- თქვა „კომერსანტთან“ ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა მორჩილაძემ.
მისივე თქმით, ქართულ ღორს და უცხოეთიდან იმპორტირებულ პირუტყვს შორის ფასის მხრივ მინიმალური სხვაობაა, რაც თვითღირებულებაზე გაზრდილ დანახარჯებს უკავშირდება.
„ფასები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, მაქსიმუმ 50 თეთრში იყოს სხვაობა. თუ რუსეთიდან შემოყვანილი ღორის საშუალო ფასი 9 ლარია, ადგილობრივი შეიძლება ღირდეს 9.50.
ჩვენი, ადგილობრივი ნაწარმი, რეალურად რუსულს სჯობს. თანაც, ნამგზავრი პირუტყვი უკვე გაზრდილია და ის გემო არ აქვს, რაც უნდა ჰქონდეს.
ყველა ფერმერი იმ პრობლემის წინაშე დგას, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია ფასის გამო ძალიან უჭირთ. გაზრდილი იმპორტის გამო ადგილობრივი წარმოება დახურვის პირასაა. ჩვენს ქვეყანაში არანაირი ზომები არ გვაქვს, რომლითაც ადგილობრივ წარმოებას დავიცავთ. სამწუხაროდ, ჩვენთან ადგილობრივ წარმოებაზე დიდი პრივილეგია იმპორტიორს აქვს.
ჩვენთვის თვითღირებულებას ყველაზე მეტად ღორის საკვები ზრდის. სახელმწიფოს რეგულაციით, ქერის შემოტანაზე დამატებით 100 ლარს ვიხდით“,- აღნიშნა ლაშა მორჩილაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.