რუსეთიდან უცხოელებს ასახლებენ

სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ამ პირებმა დაარღვიეს მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს.
კვირის განმავლობაში, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მიგრანტების აღმოსაჩენად მასობრივ რეიდებს აწყობდნენ, როგორც სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში.
როგორც იტყობინებიან, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქალაქის სასამართლოებში, თითქმის 600 პირის საქმე შევიდა. 418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან ერთად, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილებაც. კიდევ 50 უცხოელს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება დაევალა.
“Фонтанка”-ს ინფორმაციით, დეპორტაციის წინ, 418 პირი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ხსენებული ცენტრი მხოლოდ 336 ადამიანს იტევს.
ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, დეპორტაციის პროცესი რუსეთში უკვე დაწყებულია და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მასობრივად, თვითმფრინავებით ასახლებენ ქვეყნიდან.
“Важные истории” იტყობინებოდა, რომ მოსკოვში, ბოლო კვირის განმავლობაში, სასამართლოში, თითქმის 1500 მიგრანტის საქმე შევიდა. მათაც კანონმდებლობის დარღვევას ედავებიან.
22 მარტს, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში,“ რომელიც მოსკოვის მახლობლად მდებარეობს, თავდასხმა განახორციელა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, რა დროსაც 144 ადამიანი მოკლეს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასს-ი იტყობინება, მოსკოვის ოლქის საგანგებო ვითარებათა სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ტერაქტის დროს 551 ადამიანი დაშავდა. AP-ის თანახმად, ადრე გამოცხადებული რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალი იყო და ეს განსხვავება ჯერ აუხსნელია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ (ხორასანი). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
რამდენიმე პირი დააკავეს ასევე ტაჯიკეთში. 24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა