24 მარტს, გამთენიისას, რუსეთის მხრიდან, უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.
“დილის 4:23 საათზე პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია ერთ-ერთმა მანევრირებადმა რაკეტამ, რომელიც გაშვებული იქნა რუსეთის ფედერაციის შორეული მოქმედების ავიაციის მიერ. თავდასხმის სამიზნეები იყო დასავლეთ უკრაინის ქალაქები”, – იტყობინება პოლონური მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენისას რაკეტას სამხედრო-სარადარო სისტემების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
„დღეს საღამოს ამოქმედდა ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, ჰაერში იქნა აწეული პოლონეთისა და მოკავშირეების ავიაცია. პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და იმყოფება მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა უზრუნველყოს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება“, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
“ჩვენი სარადარო სისტემები აკვირდებოდნენ ობიექტს მთელი დროის განმავლობაში, როდესაც იგი ჩვენს საჰაერო სივრცეში იყო. ჩვენ ვიცოდით ფრენის გზა, ცხადი იყო, რომ ეს ობიექტი ჩვენი ქვეყნის სიღრმეში არ შედიოდა”, – განაცხადა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იაცეკ გორიშევსკიმ.
უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია 2023 წლის 29 დეკემბერსაც, ასევე ლუბლინის სავოევოდოში. მაშინ რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიაზე სამ წუთამდე დაყო.
24 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.