ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის ბოლოს 2022 წელს ასობით პროცენტიანი რეკორდული ზრდის შემდეგ შემცირდა.
მონაცემები ითვალისწინებს ფულად გზავნილებს, რომლებიც განხორციელდა რუსეთიდან ამ ქვეყნებში საბანკო სისტემის ან და Zolotaya Korona-ს Unistream-ის და Contact-ის ფულადი გზავნილების სისტემების მეშვეობით.
მთლიანობაში, 2023 წლის ბოლოს ამ ოთხ სახელმწიფოში რუსეთიდან 7,7 მილიარდი დოლარი გაიგზავნა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება 2023 წლის მეორე კვარტალში დაიწყო. სტატისტიკა არ ითვალისწინებს დეკემბერში სომხეთსა და ყირგიზეთში გადარიცხვების მონაცემებს, ვინაიდან ამ ქვეყნების მარეგულირებლებს ამ თვის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.
როგორ შეიცვალა ტრანსფერების მოცულობა წლის განმავლობაში
რუსეთიდან ყაზახეთში 2023 წელს 108,1 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით 237,6 მილიონი აშშ დოლარი გაიგზავნა (გამოთვლებში გათვალისწინებული იყო რუბლის კურსის ყოველთვიური ცვლილება, ასე რომ, საბოლოო თანხა რუბლებში არ ემთხვევა დოლარში არსებულ თანხას). ეს მაჩვენებელი დოლარში 69%-ით ნაკლებია 2022 წლის შედეგზე (776,6 მილიონი აშშ დოლარი). ეს მონაცემები მოიცავს ტრანზაქციებს მხოლოდ ფულის გადარიცხვის სისტემებით. ტრანსფერების მოცულობის შემცირება 2022 წელთან შედარებით აპრილში დაიწყო და მომდევნო თვეებში გაგრძელდა.
2023 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების სისტემებით საქართველოში 1,5 მილიარდი დოლარი გაიგზავნა, 2022 წელს კი 2 მილიარდ დოლარზე მეტი. წლიური კლება 26% იყო. ამ მიმართულებით ფულადი გზავნილების მოცულობის კლება მაისში დაიწყო.
2023 წლის 11 თვის განმავლობაში რუსეთიდან ყირგიზეთში ფულის გადარიცხვის სისტემებით თითქმის 2,3 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 17%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ მიმართულებით, თითქმის ყველა თვეში იყო ფულადი გზავნილების უარყოფითი დინამიკა. მონაცემმა 2022 წლის მაჩვენებელს მხოლოდ მარტში (86%-ით) და მაისში (2%-ით) გადააჭარბა.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან სომხეთში 3,6 მილიარდი დოლარი გადაირიცხა. ეს ერთადერთი მიმართულებაა, რომელშიც ფულადი გზავნილების მოცულობის წლიური ზრდა დაფიქსირდა – 15%-ით. 2022 წელს რუსეთიდან სომხეთში გადაირიცხა თითქმის 3,2 მილიარდი დოლარი.
სომხეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკა ითვალისწინებს ტრანზაქციებს როგორც საბანკო სისტემის, ისე ფულადი გზავნილების სისტემებით.
შედარებისთვის: 2022 წლის ბოლოს ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან ყაზახეთში 2021 წელთან შედარებით 6,8-ჯერ გაიზარდა, საქართველოში ხუთჯერ, სომხეთში ოთხჯერ და ყირგიზეთში 6%-ით.