რუსეთიდან გაზის შესყიდვა წელს 65%-ით გაიზარდა | რას ამბობს BMG-სთან ეკონომიკის სამინისტრო

საქართველომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის მაჩვენებელი წელს 65%-ით გაზარდა. BMG-ის ინფორმაციით, 2023 წლის 11 თვეში ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში 91 მილიონი დოლარის ღირებულების 490 მილიონ კუბურ მეტრამდე რუსული გაზი შემოვიდა.
აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის შესყიდვები კი თანხობრივად შემცირებულია – 2023 წლის 11 თვეში მან 279 მილიონი დოლარი შეადგინა, როდესაც გასულ წელს იმპორტის მოცულობა 298 მილიონი დოლარი იყო. ბუნებრივი აირის მოხმარებაში 19%-მდე გაიზარდა ს წილი, მაშინ როდესაც 2022 წელს ის 12% იყო.
რუსეთიდან გაზრდილ იმპორტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამჟამად საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს იმ მაქსიმალურ ბუნებრივ აირს, რომლის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობაც ამჟამად აზერბაიჯანს აქვს. მოთხოვნის დანარჩენ ნაზრდს ქვეყანა რუსეთიდან მიღებული გაზით აბალანსებს. ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წელში საქართველოში გაზზე მოთხოვნა 0,5 მილიარდი კუბური მეტრით არის გაზრდილი.
“საქართველოს გაზით მომარაგება თითქმის 100%-ით იმპორტის ხარჯზე ხორციელდება. იმპორტის ძირითადი წყაროა აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოს გაზს ორი მილსადენის საშუალებით (სატრანზიტო სამხრეთ კავკასიური მილსადენის განშტოება და აზერბაიჯანი-საქართველოს უშუალოდ დამაკავშირებელი მილსადენი) აწვდის. რუსეთიდან გაზის იმპორტი მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი მოცულობით ხორციელდება და უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება გაზის მეურნეობაში დანაკლისის შევსებისა და დაბალანსების მიზნით, ძირითადად, ზამთრის პერიოდში, როდესაც მოხმარება ყველაზე მაღალია. 2022 – 2023 წლებში საქართველოს გაზის წლიური მოხმარება 500 მლნ.მ3-ით გაიზარდა (20%-მდე) და შედეგად, საქართველომ აზერბაიჯანიდან მოწოდების მაქსიმალური ტექნიკური ზღვარი აითვისა, განსაკუთრებით, ზამთრის პიკური დატვირთვისას. გაზრდილი მოთხოვნის და მთლიანად სისტემის დაბალანსება მოხდა რუსული გაზით. ამასთან, იმპორტი განხორციელდა კომერციული მიზანშეწონილობით და მოემსახურა სისტემის სტაბილური და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფას”, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც BM.GE-ს მიწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ