რუსეთიდან ბენზინის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე იმოქმედებს, თუმცა დაახლოებით 0.3%-ით, ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ადგილი აქვს უფრო მეტად ნორმალიზების, ვიდრე როგორც ასეთი შემცირების ტენდენციას.
„იანვრის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ნორმალიზების საერთო ტენდენციის შესაბამისია. იგივე შეიძლება ითქვას წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით. ამასთან, წინა თვეებში შემცირების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, თიბისის არხებით ხარჯვის საფუძველზე, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებლები, თუმცა ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ, როგორც ჩანს, პიკი უკვე გადავლილია.
რუსეთიდან ბენზინის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე იმოქმედებს, თუმცა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტით, რადგანაც მართალია რუსეთის წილი არსებითია, თუმცა ნავთობპროდუქტების მიწოდება სხვა ბაზრებიდანაც ხორციელდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მცირედით, მაგრამ მაინც დაბალია, რაც პროგნოზზეც შესაბამისად, საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს.
მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური მოლოდინები არ შეცვლილა. შეჯამების სახით კვლავ შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ადგილი აქვს უფრო მეტად ნორმალიზების, ვიდრე როგორც ასეთი შემცირების ტენდენციას“, – ნათქვამია მიმოხილვაში.