ენერგეტიკის სექტორში რუსეთთან თანამშრომლობაზე გერმანიის უარი ქვეყნისთვის მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით დასრულდა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ის მიმომხილველი კატია ჰოიერი წერს. როგორც ის სტატიაში წერს, ათწლეულების განმავლობაში ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულება მოკლე დროში განადგურდა, მკაფიო გეგმის ან მდგრადი ალტერნატივის გარეშე.
The Telegraph-ის მიმომხილველის მტკიცებით, რუსულ ენერგომომარაგებაზე უარით, ბერლინი აღმოჩნდა ვითარებაში, სადაც ენერგია ძვირი, არასტაბილური და საბოტაჟისადმი დაუცველი გახდა, რაც ქვეყანას ენერგეტიკაზე დამოკიდებული ინდუსტრიებისთვის არამიმზიდველს ხდის.
“ჩვენ არასწორად შევაფასეთ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე დამოკიდებულება და უსაფრთხოების რისკები”, – განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან” ნორბერტ როტგენმა რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შედეგების კომენტირებისას.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანიამ ფაქტობრივად დაკარგა ბერკეტები და მანევრირების უნარი. ქვეყანა ენერგორესურსების დაახლოებით 70%-ს ყიდულობს, თუმცა ვერ ახერხებს ფასების ან მიწოდების პირობების კარნახს. ელექტროენერგიის მაღალი ფასები შეეხო ოჯახებსა და ბიზნესს, ინვესტორები კი სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას სხვა ქვეყნებს, სადაც ენერგომომარაგება უფრო პროგნოზირებადია.
“გერმანია ამჟამად ვერ ახერხებს უკეთეს ფასებზე ან პირობებზე მოლაპარაკებას”, – აღნიშნავს ჰოიერი სტატიაში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკურ შედეგებს. ეკონომიკური ზეწოლა და ცხოვრების ფასების მატება ზრდის შიდა არასტაბილურობას და მოსკოვთან ურთიერთობების გადახედვის მოთხოვნებს – წერს კატია ჰოიერი. მისივე თქმით, სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და ბიზნესის წარმომადგენელი საუბრობს რუსეთთან ვაჭრობის ნორმალიზების აუცილებლობაზე, რადგან ამ რღვევას ხელოვნურად და დამანგრევლად მიიჩნევს.
როგორც ავტორი ასკვნის, ბერლინის “განქორწინება” რუსეთთან მტკივნეული და ქაოსური იყო, და მისი შედეგები დიდი ხნის განმავლობაში ზეგავლენას იქონიებს გერმანიის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე. მისივე მოსაზრებით, გერმანიის რუსეთისადმი გადატვირთვის პროცესი ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. ბერლინის ათწლეულების განმავლობაში არსებულმა დამოკიდებულებამ ღრმა კვალი დატოვა ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ლოგისტიკურ სტრუქტურაზე.
rustavi2.ge




