“აპსადგილ ინფოს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ “აპარტამენტების” პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, ბინების მშენებლობაში ” წინ გადადგმული ნახტომის რეალურ შესაძლებლობას” ხედავს.
“თავად კონსტრუქცია, რომელიც ამ ბიზნესს ახლავს, არის ლოკომოტივი, რომელიც წაწევს ეკონომიკას და ბევრად მეტს. წარმოდგენილი ვერსია მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ვერსიებისგან. ჩვენ განვიხილავთ მას, როგორც საპილოტე პროექტს, რომ ვნახოთ, როგორ გაიდგამს ის ფესვებს და რა რეაქცია ექნება მასზე საზოგადოებას, რასაც დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი აქტიურად ამწვავებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი ფიქრობს მყისიერ ეფექტზე, მათი ქმედებებისა და სიტყვების შედეგების გათვალისწინების გარეშე”, – განაცხადა სერგეი შამბამ.
შამბა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტისთვის არჩეული რეგიონები, როგორებიცაა ოჩამჩირე და გალი, ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.
“კარგი საინვესტიციო პროექტის შექმნით, ხალხს ვაჩვენებთ, რა შესაძლებლობები არსებობს. მე კარგად ვიცნობ ამ ადგილებს: მდინარეების ღალიძგასა და ოქუმის მიღმა არის უნიკალური პლაჟები, რომლის მსგავსიც არც გაგრაში და არც ბიჭვინთაშია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ ეს ინვესტორებს. ჩვენი პრობლემა ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის არქონაა. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მესმის, რომ ისინი არ გვჭირდება, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. არცერთ ქვეყანას, თუნდაც ძლიერი ეკონომიკის მქონეს, არ შეუძლია ინვესტიციების გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია ინვესტორების მოზიდვა”, – განაცხადა შამბამ.
“პროექტში ჩარევის მცდელობა და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვევს შეუქცევად შედეგებს ჩვენს ისტორიასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას სწორად გაიგებს. ვინც ამას ეწინააღმდეგება, ხშირად უბრალოდ ვერ ხვდება პროექტის არსს და ემორჩილება აჟიოტაჟს. აუცილებელია ხალხს ავუხსნათ, რომ მათი საზრუნავი კანონმდებლობით არის დაცული. უსაფუძვლოა შიში იმისა, რომ მოქალაქეობის მიღება ამ აპარტ-ოტელების საშუალებით შესაძლებელია. კანონპროექტი ნათლად ადგენს, რომ ბინის მყიდველებს არ შეუძლიათ მოქალაქეობის მიღება. აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა და არ უნდა დავემორჩილოთ დროებით პოლიტიკურ ვითარებას”, – თქვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
“აპსადგილ ინფოს” ცნობით, 18 ივლისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, პარლამენტის სესიაზე განსახილველად წარედგინათ კანონი “ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ”.
აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას. პარლამენტის [დე ფაქტო] ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის, რეზო ზანთარიას განცხადებით, საპილოტე პროექტი 150 ჰექტარზე მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტით სულ 10000 ოთახია გათვალისწინებული.
ეს ბინები არ იქნება განკუთვნილი მუდმივ საცხოვრებლად.
გამგეობების [დე ფაქტო] განაცხადებს მშენებლობაზე მინისტრთა კაბინეტი [დე ფაქტო] განიხილავს.
შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მისი თქმით, ქვეყანაში 140 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქეა. მათგან 42 ათასი ოფიციალურად არის დასაქმებული, 30 ათასი- თვითდასაქმებული, ხოლო 65 ათასი უმუშევარია. ბჟანიას თქმით, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ეკონომიკის განვითარება.
კომიტეტის წევრების კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის შემდეგ სესიაზე წარდგება.
აფხაზური ტელეგრამ არხების ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვაზე არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლები. პარლამენტის [დე ფაქტო] წინ მობილიზებული იყო პოლიცია.
ტელეგრამ არხზე “D News Abkhazia” გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს მოქალაქე ჯანსუხ ადლეიბა, რომელმაც პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით, ესროლა პოლიციელებს, მაგრამ მსხვერპლი არ მოჰყოლია.