აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები რუსეთის წინააღმდეგ ვრცელ სანქციების სტრატეგიას ამზადებენ, იმისათვის, რომ მომდევნო თვეებში რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიურად შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყონ. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, ტრამპის გარემოცვა აპირებს, რომ ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ წნეხი გაზარდოს.
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის გუნდში ორ ძირითად მიდგომას განიხილავენ რუსეთის მიმართ. წყაროების თქმით, თუკი მომავალი ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ უკრაინის ომის მოგვარება ახლო მომავალში მოხდება, პირველი მიდგომა გულისხმობს კეთილი ნების ზომების მიღებას, რომელიც სარგებელს მოუტანს იმ დასანქცირებულ რუსული ნავთობის მწარმოებლებს, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების დადებას შეუწყობენ ხელს.
ხოლო მეორე მიდგომით მომავალი ადმინისტრაცია უკვე არსებულ სანქციებს ახალს დაუმატებს და წნეხს კიდევ უფრო გაზრდის, რათა რუსეთზე უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს. შესაბამისად, გლობალური ნავთობის ბაზრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, თუ რომელ მიდგომას აირჩევს ტრამპი.
Bloomberg-ის წყაროების თქმით, ტრამპის გუნდის გეგმები ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია და საბოლოოდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული.