რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო წარწერა გაჩნდა – 9 აპრილის მემორიალის სიახლოვეს, კედელზე შემდეგი შინაარსის წარწერაა გაკეთებული. რუსებმა – 1989 წელს, ქოცებმა – 2025 წელს დაგვწამლეს! ეს არის რუსული რეჟიმი.
საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 37 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.
დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, BBC-იმ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა და მათ მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის საპროტესტო აქციებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა, შესაძლოა, გამოიყენა ქიმიური ნივთიერება, ცნობილი როგორც „კამიტი“ – ნაერთი, რომელიც პირველად საფრანგეთმა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა.




