რუსებმა უკრაინას, 2 სექტემბრის საღამოდან, 502 უპილოტო საფრენი აპარატისა და 24 რაკეტის გამოყენებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის კუთვნილი 451 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს, მათ შორის 430 დრონი და 14 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 7 „ხ-101“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა. დარტყმები და განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნა 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით დრონები რუსეთის ქალაქებიდან – კურსკიდან, ბრიანსკიდან, მილეროვოდან, ორიოლიდან, შატალოვოდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან, ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს, რაკეტები კი – შავი ზღვის აკვატორიიდან, სარატოვის ოლქიდან და კრასნოდარის მხარიდან.
