რუსებმა უკრაინას 4 ბალისტიკური რაკეტითა და 142 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„კიევს ორჯერ დაარტყეს – ჯერ ბალისტიკური რაკეტებით, შემდეგ კი დრონებით. ბოლო ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ათობით დრონი ჯერ კიდევ ცაშია. ასევე, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ჟიტომირის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც არაერთი დარტყმა განხორციელდა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, „დიპლომატიისთვის ნიადაგის მომზადება მხოლოდ რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და სანქციების გამკაცრებას შეუძლია“.
„ნებისმიერი ზომა, რომელიც აგრესორს ომის წარმოებისთვის რესურსებზე წვდომას შეუზღუდავს, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უნდა განხორციელდეს. რუსეთს საკუთარი ქმედებების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
