რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე Shahed-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა ტიპის დრონი-იმიტატორებით, – ინფორმაციას უკრანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალების რადიოტექნიკურმა ჯარებმა, საერთო ჯამში, მტრის 215 საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს.
კერძოდ, რუსებმა უკრაინას „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 11 ბალისტიკური რაკეტით, X-101 ტიპის 37 ფრთოსანი რაკეტით, „ისკანდერ-K“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით, „კალიბრის“ ტიპის 12 ფრთოსანი რაკეტით, Х-59/Х-69 ტიპის 4 მართვადი საავიაციო რაკეტით, 145 Shahed-ისა და სხვადასხვა ტიპის დრონი-იმიტატორით დაარტყეს.
„წინასწარი მონაცემებით, 10:00 საათის მდგომარეობით, დადასტურებულია 112 საჰაერო სამიზნის ჩამოგდება“, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
გარდა ამისა, ლოკალურად დაიკარგა მტრის 68 დრონი-იმიტატორი, უარყოფითი შედეგების გარეშე.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ავიაციამ, კერძოდ, F-16-ისა და Mirage-ის გამანადგურებლების პილოტებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს თავდასხმის მოგერიებაში.
