რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს, რის შედეგადაც დარტყმა განხორციელდა პალაუას დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას 60 წლის უკრაინელი ემსხვერპლა, რომელიც ტვირთების დამუშავების კერძო კომპანიაში მუშაობდა.
ამასთან, დაშავდა უცხოეთის ხუთი მოქალაქე. კიპერის განცხადებით, სამართალდამცავები რუსეთის ახალი დანაშაულის შედეგებს აღრიცხავენ.
„რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ცდილობენ უკრაინის მარცვლეულის დერეფნის მუშაობის ჩაშლას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ოდესის ოლქის პორტებში სამოქალაქო გემზე მეორე თავდასხმაა“, – აღნიშნა კიპერმა.