ოდესის ოლქში, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი, რომლებიც ოკუპანტებმა ყირიმიდან გამოუშვეს. აქედან შვიდი „კამიკაძე-დრონი“ ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს, ცხრა კი – ოდესის ოლქში. ერთ-ერთი დრონი ოდესაში კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
მათივე ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ახლომდებარე სახლები და კერძო სპორტული დაწესებულების საკუთრებაში არსებული საწყობი დააზიანა, დრონის ჩამოვარდნამ დიდი ხანძარი გამოიწვია, რომლის ლიკვიდაციას ოთხ საათზე მეტი დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 10 ერთეული ტექნიკა და 53 მაშველი იყო ჩართული.