რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის პოლოხოვსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთის არმიამ სოფელ ომელნიკს „კაბ“-ის ტიპის მართვადი ბომბებით შეუტია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაინგრა და ცოლ-ქმარი დაიღუპა.
ფედოროვის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებულ პუნქტს 591-ჯერ დაარტყეს.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად, კერძო სახლების, ბინების, ავტომობილების, დამხმარე შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ 57 შეტყობინება მიიღეს.
ამასთან, ხარკოვის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლში, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამოქალაქო ავტომობილს დაარტყა, რის შედეგადაც 59 წლის მამაკაცი დაშავდა, მისი 51 წლის მეუღლე კი – დაიღუპა.
