2025 წლისთვის რუსული მაღაზიების თაროებიდან შესაძლოა 700 რუბლზე (20 ლარი) ნაკლები ღირებულების ღვინო გაქრეს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან RBC-ს Simple Group-ის პრეზიდენტმა მაქსიმ კაშირინმა ისაუბრა. მისივე თქმით, მიზეზი „არამეგობრული“ ქვეყნებიდან იმპორტზე გადასახადების 1,5-ჯერ გაზრდა და აქციზის გაძვირებაა.
მთავრობამ გადაწყვიტა გაზარდოს საბაჟო განაკვეთი ღვინოებზე იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს უკრაინაში ომის გამო. 2023 წლის 1 აგვისტოდან გადასახადი 12,5%-იდან 20%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2024 წლის 1 მაისიდან სააქციზო განაკვეთი გაიზრდება 34 რუბლიდან ერთ ლიტრ ღვინოზე 108 რუბლამდე, ცქრიალა ღვინოზე კი 45-იდან 141 რუბლამდე.
ახალი გადასახადი შეეხება იმპორტირებულ ღვინოებს 5 ევრომდე ბოთლში, აღნიშნავს კაშირინი. მისი თქმით, ეს გამოიწვევს იმას, რომ რუსეთში ღვინოების მთელი კატეგორია “უბრალოდ გაქრება”. გადასახადების გაზრდამდე დისტრიბუტორების მიერ გაკეთებული მარაგების გათვალისწინებით, გაქრობის პროცესი საახალწლო არდადეგების შემდეგ დაიწყება და 2025 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება, განმარტა კაშირინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას „არ აქვს ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მხარდაჭერის ზომები იქნება ნამდვილად ეფექტური“. ამასთან, კაშირინის თქმით, უცნაურია იმის მოსაზრება, რომ „თუ იმპორტირებული ღვინო უფრო ძვირია, მაშინ რუსული ღვინო უკეთ გაიყიდება“.
“სერიოზულად? რუსი მწარმოებლებიც გაზრდიან ფასებს, გაძვირდება მთელი კატეგორია. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ესმის: თუ მთელი კატეგორია გაძვირდება, დაიწყებენ მეტის დალევას? არა. რადგან თუ უფრო ძვირია, ნაკლებს ვსვამთ. ნაკლების დალევა ნიშნავს, რომ უფრო ძნელია გაყიდვა“, – განმარტა ბიზნესმენმა.
შედეგად, მისი თქმით, ზოგიერთი მსხვილი რუსული საწარმო ამით მეტ ფულს გამოიმუშავებს, მაგრამ „სახელმწიფო ამით ვერაფერს მოიგებს“, რადგან ეს არის „მომხმარებლის ჯიბიდან ფულის გადატანა კიდევ უფრო დიდ ჯიბეში – მწარმოებლების ჯიბეში“.
საცალო ქსელები, რომლებიც იაფფასიანი ალკოჰოლის მთავარი გამყიდველები არიან, ასევე დაზარალდებიან. „ისინი უკმაყოფილონი არიან არსებული მდგომარეობით: მათ მოაკლდებათ იაფი პროდუქციის დიდი სეგმენტი“, – განაცხადა ბიზნესმენმა.