სოჭის შსს-ს საგამოძიებო სამმართველო, რომელიც კრასნოდარის მხარის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია, იძიებს სისხლის სამართლის საქმეს რუსეთის სამი მოქალაქის მიმართ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილ შეიარაღებულ ძარცვასთან დაკავშირებით. ზიანის საერთო თანხამ 1 მილიონ 975 ათასი რუბლი შეადგინა. ინფორმაციას რუსულ უწყებებზე დაყრნდობით აფხაზური მხარე ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, დანაშაულთან კავშირში არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კან კვარჩია, ეშსოუ კაკალია და ხინი დუმაა, რომლებიც ამ დროისთვის ფედერალურ ძებნაში იმყოფებიან.
სოხუმის ცნობითვე, “აფხაზეთის შესაბამის ორგანოებს ძებნის შესახებ ეცნობა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შეთანხმებების შესაბამისად. ასევე იგეგმება ძებნილი პირების საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება „ინტერპოლის“ არხებით. განხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დანაშაულის ყველა გარემოება, შეგროვდეს მტკიცებულებები და გამოვლინდეს სხვა შესაძლო მონაწილეები”.




