რუმინელ ტანმოვარჯიშე ანა მარია ბარბოსუს 16 აგვისტოს ბუქარესტში გამართულ ცერემონიაზე ბრინჯაოს მედალს გადასცემენ თავისუფალ ვარჯიშში, მაგრამ კამათი იმაზე, თუ ვინ დაიკავა მესამე ადგილი ამ სახეობაში პარიზის ოლიმპიადაზე შორს არის საბოლოო მოგვარებისგან.
რუმინეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ცერემონიის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა 13 აგვისტოს პრესრელიზში, სადაც ნათქვამია, რომ ოქტავიან მორარიუ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და მიხაი კოვალიუ, რუმინეთის ოლიმპიური და სპორტის კომიტეტის პრეზიდენტი, გადასცემენ ბარბოსუს მედალს 16 აგვისტოს, ბუქარესტის დროით 15:30 საათზე, ოლიმპიური სახლში.
დაპირისპირება პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის გარშემო მას შემდეგ გაჩნდა, რაც მედალი ამერიკელ ტანმოვარჯიშე ჯორდან ჩაილზს გადაეცა მას შემდეგ, რაც მისმა მწვრთნელმა გაასაჩივრა შედეგი 5 აგვისტოს შეჯიბრის დროს. მწვრთნელის მოთხოვნის შედეგად ჩაილზს შეფასება 13,666-დან 13,766-მდე გაზარდეს, რასაც მოჰყვა მისი მესამე ადგილზე გადანაცვლება ბარბოსუს ნაცვლად.
რამდენიმე დღის შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა საქმე და დაადგინა, რომ ამერიკელების გასაჩივრება მოხდა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესის დარღვევით და აღადგინეს ჩაილზის ძველი შედეგი, რამაც ბარბოსუ დააბრუნა მესამე ადგილზე.
11 აგვისტოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ჩაილზმა მედალი უნდა დააბრუნოს. არ არის ცნობილი, დააბრუნა თუ არა ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ მედალი და მიიღებს თუ არა ბარბოსუ ახალ მედალს.
15 აგვისტოს სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში ჩაილზი ამბობს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მედლის დაბრუნების შესახებ „უსამართლოა“ და დიდი დარტყმაა მისთვის.
ფორუმი




