რუმინეთში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 25 სოფელი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ძლიერ წყალდიდობას 66 წლის მამაკაცი და 83 და 85 წლის ქალბატონები ემსხვერპლა.
გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ მდინარეში წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რის შედეგადაც გზები და ხიდები დაზიანდა.
