რუმინეთში „შრინკფლაციასთან“ ბრძოლა დაიწყეს

რუმინეთში მაღაზიების თაროებზე გაფრთხილებები გამოჩნდება, თუ ნაცნობი პროდუქტის მოცულობა ან წონა შემცირდა, მაგრამ ფასი იგივე დარჩება. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასე შეებრძოლებიან ქვეყანაში ფენომენს, რომელსაც „შრინკფლაცია“ ჰქვია. საუბარია მაგალითად, შოკოლადის შეფუთვაზე, რომელმაც „დაიკლო წონაში“ 100 გრამიდან 85-მდე, ან რძის კოლოფზე, რომელიც ახლა შეიცავს 850 მილილიტრს, წინა 900 მილილიტრისგან განსხვავებით, თუმცა პროდუქტის ფასი უცვლელია.
ახალი წესების თანახმად, მაღაზიებს არ შეუძლიათ გააუქმონ გაფრთხილება სანამ პროდუქტის თაროზე გამოჩენიდან 30 დღე არ გავა. გარდა ამისა, მაღაზიებს უნდა ჰქონდეთ შემცირებული პროდუქტის საკონტროლო ერთეული.
ფენომენმა, რომლის დროსაც ზოგიერთი პროდუქტის მოცულობა შემცირდა, ხოლო ფასები იგივე დარჩა და გაიზარდა კიდეც, რიგ ქვეყნებში გაზრდილი ყურადღება მიიპყრო. მაგალითად, „მატყუარა შეფუთვას“ ებრძვიან უნგრეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. მიმდინარე წლის დასაწყისში პარიზმა ევროკომისიას სთხოვა განიხილოს საერთო ევროპული კანონმდებლობის მიღების შესაძლებლობა, რომელიც დაავალდებულებს მაღაზიებს, აცნობონ მომხმარებელს „შრინკფლაციას“ დაქვემდებარებული პროდუქციის შესახებ.